English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მამუკა კუპრაშვილი
მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ძირითადი სამართლებრივი ნორმებისა და რისკების მოკლე შეფასება

ანოტაცია. ერთ-ერთ უძველეს დარგს მეღვინეობა წარმოადგენს. საქართველო მეღვინეობის წარმოშობის ქვეყნად ითვლება ენდემური ვაზის ჯიშებითა და 6000 წელზე მეტი ხნის ტრადიციით. სამხრეთ კავკასიური მდებარეობის გამო, საქართველოს აქვს იდეალური გეოლოგიური და კლიმატური პირობები ღვინის წარმოებისთვის.  თანამედროვე პერიოდში ქართულ ღვინოს ეროვნულ ეკონომიკაში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ყურძნის ნატურალურ ღვინოს საექსპორტო საქონელთა ჯგუფში მე-5 ადგილი უკავია და თითქმის 4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი ყიველწლიურად იზრდება. ზრდა შეინიშნება, გაშენებული ვენახების ფართობების მიხედვითაც, მაგალითად, თუ 2017 წელს ვენახების ჯამური ფართობი მთლიან ქვეყანაში 36,1 ათას ჰექტარი იყო, 2020 წელს უკვე 41.2 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ქართული ღვინის სხვადასხვა ტიპები და კომპანიები ხშირად ჯილდოვდება მსოფლიო დონის გამოფენებზე. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება ქართული ღვინის მიზნობრივ ბაზრებზე: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. 2021 წლის ბოლოს მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის“ ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზანი ქართული ღვინის მსოფლიო მასშტაბით ცნობადობისა და ახალ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობაა.

საკვანძო სიტყვები: მეღვინეობა, სამართლებრივი რეგულირება, რისკები, გამოწვევები.

შესავალი

ღვინის წარმოებასა და გაყიდვას მრავალი სახის კანონი არეგულირებს. მათ შორის არის: პროდუქტის უსაფრთხოების, ჰიგიენის, შეფუთვის, გარემოს დაცვისა და სხვა. სტატიაშია განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ნორმები, როგორიცაა კანონი ,,ვაზისა და ღვინის შესახებ,“ რომელიც განსაზღვრავს ეროვნული ღვინის წარმოების მთავარ სამართლებრივ ჩარჩოებს. ასევე, HACCP (Hazard Analysis and Critical Control Point - საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) კონცეფცია, რომლის დაცვაც აუცილებია ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისთვის, რადგან ამ კონცეფციის მიზანია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოება. ევროკავშირის რეგულაცია 178/2002, რომელიც გულისხმობს პროდუქციის წარმოების ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე მწარმოებლების იდენტიფიცირებას.

გარკვეული კანონები და რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის მაშტაბით ღვინის წარმოება/გაყდვას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ 2017 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, კანონმდებლობაში კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ნორმები.

მეღვინეობის დარგთან მრავალი სახის რისკია დაკავშირებული, რაც პირდაპირ კავშირშია ღვინის მწარმოებელი კომპანიებთან. მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული გამოწვევების დადგენა, რომლებიც ამ სფეროს აქვს. საჭიროა გაანალიზდეს საფრთხეები, რათა მომავალში დარგის ეკონომიკურ განვითარების პრობლემები არ შეექმნას. უცილებელია, განისაზღვროს ღვინის კომპანიებისთვის საანგარიშო წლის ყველაზე რთული პერიოდი, რათა მომზადებული შეხვდეს მას. აქტუალურია, რომ საწარმომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმუმადე დაიყვანოს.

მოცემული სტატიის მიზანია დაგვანახოს, თუ რა ძირითადი სამართლებრივი ნორმები არეგულირებენ ღვინის წარმოებას და რა რისკები აქვს ეროვნულ მეღვინეობის დარგს განვითარების გზაზე.

გამოყენებული მეთოდები

სტატიის წერისას გამოყენებულია შემდეგი მეთოდები: აბსტრაქტულ - ლოგიკური ანალიზი, ლიტერატურული წყაროების ანალიზი საკვლევი თემის ირგვლივ, შედარება, სტატისტიკური ანალიზი, კლასიფიკაცია, განზოგადება და სხვა.

მეღვინეობის დარგის სამართლებრივი ნორმების მოკლე მიმოხილვა

ქართულმა ღვინის კომპანიებმა, წარმოებული ღვინის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად, აუცილებელია HACCP (Hazard Analysis and Critical Control Point - საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) კონცეფცია დაიცვან. ეს ემსახურება ხარისხის კონტროლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოების დაცვას. HACCP აკონტროლებს წარმოების თითოეულ ეტაპს, დაწყებული ნედლეულიდან და იმ ქიმიკატებიდან, რომლის დახმარებითაც იქნა მოსავალი მიღებული და ასევე, ამ მოსავლის გადამუშავებით მზა პროდუქციის მიღებამდე.

მიკვლევადობა ევროკავშირში საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს. კერძოდ რეგულაცია 178/2002-ის თანახმად, მწარმოებლები პასუხისმგებლები არიან გასცენ ინფორმაცია, თუ ვისგან მიიღეს ან ვისზე გასცეს პროდუქტი წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. ამის რეგულირება შტრიხკოდების საშუალებით ხორცილედება რაც საცალო ვაჭრობაშიც ეფექტურად გამოიყენება. იგი მწარმოებლებს გაყიდვების მოცულობის ანალიზსა და კონტროლს უმარტივებს.

კანონი ,,ვაზისა და ღვინის შესახებ,“ რომელიც თავდაპირველად 1998 წელს გამოქვეყნდა, საქართველოს განსაზღვრავს, როგორც ქვეყანას, რომელიც განეკუთვნება მაღალხარისხოვან მევენახეობა - მეღვინეობის ზონას [2, 1998წ, გვ.1]. კანონში ცვლილებები შევიდა 2017 წელს. ამავე კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა დარგის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ,,ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელით არის ცნობილი. სააგენტო აკონტროლებს მევენახეობა - მეღვინეობის დარგში საწარმოთა საქმიანობას განსაზღვრული პირობებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვას და მათი დარღვევისას ატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

კანონი ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ არეგულირებს ღვინის წარმოების პროცესსა და ღვინომასალებისა პრაქტიკაში გამოყენების ნორმებს. მაგალითად, აკრძალულია:

  • ღვინის წარმოება ჭაჭისაგან, ლექისა და ქიშმიშისაგან;
  • წყლის დამატება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე;
  • ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქაროზას დამატება, გარდა არომატიზებული ღვინისა, აგრეთვე ცქრიალა ღვინისთვის ან/და შუშხუნა ღვინისთვის განკუთვნილი ლიქიორისა;

და სხვა [1, მუხლი მე-15, 1-ლი ნაწილი, ბ-ე პუნქტი].

კანონი ასევე განსაზღვრავს, წარმოებული ღვინის ტიპები რა პერიოდის შემდეგ არის ნებადართული სამომხმარებლო ბაზარზე გატანა. ეს დროითი პერიოდი სხვადასხვა ხანგრძლივობით ხასიათდება კონკრეტული ტიპებისთვის მაგალითად, მშრალი და შემაგრებული ღვინოს რეალიზაცია შესაძლებელია რთვლის შემდგომი წლის 1 აგვისტოდან, ხოლო - რეზერვუარული მეთოდით წარმოებული ცქრილა ღვინო მეორადი ალკოჰოლური დუღილის დაწყებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ [1, მუხლი 21-ე, 1-ლი ნაწილი, ბ.ბ-ე პუნქტი].

ჩამოსხმული ბოთლის საბოლოო სახე ჩაჩითა და ეტიკეტით ფორმდება, ზოგჯერ კონტრეტიკეტითაც. ადგილობრივი და იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობა არამხოლოდ მოითხოვს ბოთლის ეტიკეტით გაფორმებას, ასევე განსაზღვრავს ეტიკეტზე მისათითებელ აუცილებელ ინფორმაციას. ესენია: მოსავლის წელი, ჩამოსხმის თარიღი, ჯიში, მწარმოებელი, ნომინალური მოცულობა, ალკოჰოლშემცველობა; მინიშნება ალერგიულ ნივთიერებებზე, მწარმოებელი ქვეყანა და სხვა. აღნიშნული ჩამონათვალის რაოდენობასა და აუცილებელ ინფორმაციას მეტწილად იმპორტიორი ქვეყანა განსაზღვრავს. ინფორმაცია ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი იმგვარად, რომ მყიდველისთვის ადვილად გასაცნობი იყოს.

საქართველში ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის თანახმად, სარეალიზაციოდ ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას: პროდუქციის სახელწოდებას; ნომინალურ მოცულობას; ფაქტობრივ მოცულობით სპირტშემცველობას; სუფრის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „სუფრის ღვინო;“ მხარის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „მხარის ღვინო“ და მხარის დასახელებას; მწარმოებლი ქვეყნისა და კომპანიის  დასახელებას; ჩამომსხმელის დასახელებას, თუ პროდუქციის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია და სხვა [1, მუხლი 31-ე, 1-ლი ნაწილი].

პროდუქციის ეტიკეტზე, კონტრეტიკეტსა და საყელოზე ნებადართულია აღინიშნოს: სასაქონლო - სავაჭრო ნიშანი; ვაზის ჯიშის/ჯიშების დასახელება, თუ პროდუქტი წარმოებულია ვაზის აღნიშნული ჯიშის/ჯიშების ყურძნის არანაკლებ 85%-ის გამოყენებით; ყურძნის მოსავლის წელი, თუ ღვინის სულ ცოტა 85% დამზადებულია აღნიშნულ წელს მოწეული ყურძნისაგან; პროდუქციის ტრადიციული დასახელება; პროდუქტის შაქრიანობა (გრ/დმ3) და სხვა[1, მუხლი 32-ე, 1-ლი ნაწილი].

მევენახეობა - მეღვინეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისათვის სავალდებულოა სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა. მევენახეობა - მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესსა და ფორმებს, აგრეთვე შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, დამუშავებისა და ჩამოსხმის დროს ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო [6, მუხლი 35-ე, მე-4 ნაწილი].

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2021 წელს განხორციელდა 50 სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა. აღებული იქნა 700 ნიმუში, დარღვევების რაოდენობა იყო 6. განხორციელდა 41 საინსპექციო კონტროლი, აღებული იყო 116 ნიმუში, აქედან 3-ს ეთქვა უარი სერტიფიკატის გაცემაზე. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის ძირითადი მიზანია სამომხმარებლო ბაზრის დაცვა უხარისხო, ფალსიფიცირებული და მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციისაგან. საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა „SGS“ და „Bureau Veritas”  განახორციელეს 166 საინსპექციო კონტროლი, აღებული იყო 324 ნიმუში, გაუქმებული სერტიფიკატის რაოდენობა - 20 [https://wine.gov.ge/Ge/Legislation].

მეღვინეობის დარგთან დაგავშირებული ზოგიერთი მნიშვნელოვანი რისკი

მთავარი რისკი მეღვინეობის დარგში საწარმოებისთვის, დღევანდელ ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების დროულად შეუმჩნევლობაა. მოცემული რისკის დივერსიფიცირებისთვის საჭიროა:

  • საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდაზე აქტიური მუშაობა;
  • პროდუქციის ხარისხზე კონტროლის გამკაცრება;
  • საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დანერგვის სამუშაოების გაგრძელება;
  • კვალიფიცირებული მუშახელის დასაქმება;
  • დარგის ექსპერტების მაღალი ჩართულობა;
  • და სხვა.

აღნიშნული მოქმედებების განხორცილება დაეხმარება საწარმოს გამოწვევებისა საფრთხეების დროულად შემჩნევაში. საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდა უზრუნველყოფს გეოპოლიტიკური გარემოს არასტაბილურობისგან გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას მაგალითად, როგორც ეს 2008-ში რუსეთის ბაზრის მოულოდნელად დაკარგვის დროს მოხდა. ღვინის წარმოება მოცემულ წელს განახევრდა და წლები დასჭირდა თავდაპირველ მდგომარეობამდე აღდგენას. პროდუქციის ხარისხის კონტროლის გამკაცრებით შესაძლებელია მაღალ ხარისხზე და სტანდარტებზე ორიენტირებული ბაზრების ათვისება, რაც კომპანიას შეუძლია კვალიფიცირებული მუშახელის დასაქმებითა და ექსპერტების მაღალი ჩართულობით. საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დანერგვის სამუშაოების გაგრძელებით ამაღლდება ეროვნული პროდუქციის ცნობადობა და გაიზრდება მოთხოვნა. საჭიროა წარმოების თანამედროვე მეთოდების დანერგვა წარმადობის ასამაღლებლად.

ღვინის საწარმოსთვის მაღალი რისკის შემცველია საანგარიშო პერიოდის ყველაზე რთულ მონაკვეთის განუსაზღვრელობა და მოუმზადებლად შეხვედრა. ეს პერიოდი რთვლის სეზონია, როდესაც მათ:

  • მეტი რაოდენობით ლიკვიდური სახსრები ესაჭიროებათ;
  • სრული დატვირთვით მუშაობს საწარმოო სიმძლავრეები;
  • მკაცრდება ჰიგიენურ - სანიტარული ნორმები;
  • და სხვა.

გარდა, უშუალოდ, მეღვინეობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული რისკებისა, თავად დაგმა შეიძლება შექმნას გარკვეული რისკები. გარემოსთვის მაღალი რისკ-ფაქტორია, თუ ღვინის საწარმოები გარემოს დაცვით ნორმებს უგუვებელყოფენ. ძირითადი პრობლემა ყურძნის ნარჩენების (ჭაჭის) ღია სივრცეში დატოვება და უტილიზაციის განუხორციელობლაა. ნარჩენები გამოყოფენ ისეთ აირებს, რომლებიც ბუნებისთვის საზიანოაა. მისი გადამუშავება შესაძლებელია და ევროპაში ხშირად იყენებენ მას საქონლის საკვებად ან მუყაოს საწარმოებლად.

მეორე პრობლემა საკანალიზაციო სისტემებია. ნივთიერებებით, (ქლორი, გოგირდი და სხვა) რომლითაც ირეცხება ღვინის შემნახველ/გადამამუშავებლი ცისტერნები და საწარმოო დანადგარები შემდგომ ღია სივრცეში იღვრება და გარემოსთვის მაღალი ზიანის მომტანია.

ევროკავშირთან 2017 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელისუფლება მუშაობს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გამკაცრებაზე, რაც მომავალში ღვინის საწარმოების რეგულირებაზე მეტად აისახება.

შედეგები და რეკომენდაციები

მეღვინეობის დარგს მრავალი სახის საკანონმდებლო ნორმები არეგულირებენ. მათგან ერთ - ერთი ..საქართველოს კანონი მეღვინეობის შესახებ,“ უზრუნველყოფს პროდუქტის უსაფრთხოებასთან და შეფუთვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ განხორციელებას. ამავე კანონის საფუძველზე შექმნილია ღვინის წარმოებას საზედამხედველო ორგანო, ღვინის ეროვნული სააგანტო, რომელიც აკონტროლებს და შესაბამისობაში მოჰყავს საწარმოები საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

აკრძალულია ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციის წარმოება და ასევე ისეთის, რომლის ,,მიკვლევადობაც“ შეუძლებელია. მიკვლევადობა უნდა პასუხობდეს კითხვებზე: ვინ, როგორ, (რისგან) სად  და როდის აწარმოა პროდუქცია. საქართველოში დამზადებული ღვინო კანონით განსაზღვრულ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, სასურველია, დახვეწოს კანონები, რომლებიც დაარეგულირებენ ღვინის საწარმოებს, რათა ბუნებისთვის ზიანის მიუყენებლად აწარმოოს პროდუქცია ევროკავშირთან ასაცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დრულად განხორციელება აღნიშნულ პრობლემას მალე გადაწყვეტს.

დღევანდელ ბიზნეს გარემოში მეღვინეობის დარგს მნიშვნელოვანი რისკები აქვს. სასურველია, საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდაზე აქტიური მუშაობის მეტი ინტენსივობით გაგრძელება, რათა ეროვნული პროდუქცია ნაკლებად იყოს დამოკიდებული რომელიმე სხვა ქვეყნის ღვინის ბაზარზე. დარგის ექსპერტების ჩართულობა და კვალიფიცირებული მუშახელის გამოყენება ამ მირთულებით რისკის ხარისხს შეამცირებს, თუმცა ყველაზე ეფექტური ხერხი საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისკენ სამთავრობო ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გაზრდაა.

მიზანშეწონილია, რომ საწარმოები დროულად და მომზადებული შეხვდნენ ღვინის წარმოების ციკლის ყველაზე რთულ პერიოდს, რთველს, როდესაც მათ მეტი საწარმოო სიმძლავრეები და ლიკვიდური სახსრების დიდი რაოდენობა ესაჭიროებათ.

საკანონმდებლო ნორმები და რისკები ყურადსაღები საკითხებია, რადგან ისინი მეღვინეობის დარგისთვის და დარგში მოღვაწე საწარმოებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ჰავას ქმნიან.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს კანონი, ვაზისა და ღვინის შესახებ, 2017. თბილისი https://matsne.gov.ge/ ka/ document/ view/3711533?publication=1
  2. საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ, თბილისი, 1998წ, თბილისი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4962865
  3. ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No178/2002, ბრიუსელი, 2002წ. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ALL/?uri=celex%3A32002R0178
  4. საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება, მეღვინეობა ემილ პეინოს მიხედვით, თბილისი, შპს ,,ფავორიტ სტილი“, 2014.
  5. პუტცი ჰ., მეღვინეობა, სასწავლო სახელმძღვანელო, თბილისი 2018. https://eqe.ge/res/docs/ %E1%83%A1 %E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B% E1%83%AB%E1%83%A6%E1%83% 95% E1%83%90% E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D.pdf 
  6. შათირაშვილი შ., ღვინის ტექნოლოგია, სასწავლო სახელმძღვანელო, თბილისი 2005. https://elfiles.emis.ge /uploads/2460/4421.pdf
  7. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ- გვერდი, https://www.geostat.ge/ka/modules /categories/ 196/soflis-meurneoba ვიზიტის თარიღი 24.06.2022წ.
  8. ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ - გვერდი https://wine.gov.ge/Ge/Legislation ვიზიტის თარიღი 24.06.2022წ.